პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის მაცეი ვონსიკის დაპატიმრებას გამოეხმაურა. პოლიტიკოსმა შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
მორავეცკიმ კამინსკის და ვონსკის საბჭოური დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველი პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ მათი დაკავება მთავრობის მეთაურის, დონალდ ტუსკის მხრიდან შურისძიების ნაწილია.
„პირველად ბოლო 35 წლის განმავლობაში, კომუნიზმის დაცემისა და პოლონელების ტოტალიტარიზმზე დიდი გამარჯვების შემდეგ, პოლონეთში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. მარიუშ კამინსკი და მაცეი ვონსიკი დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლები არიან. მოვუწოდებ დასავლეთის დემოკრატიულ თანამეგობრობას, ნუ შეხედავენ პასიურად იმას, რაც დღეს პოლონეთში ხდება“, – განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს.
კამინსკი და ვონსიკი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც 2007 წელს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. მათ გასული წლის დეკემბერში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან. მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა გამოაცხადა.