ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,800-ს აჭარბებს. ინფორმაციას „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 60,300-ს აღწევს. ათობით მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის ხელისუფლება კი ღაზაზე საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში გამარჯვების გზაზეა და კომპრომისზე არ წავა.
„დღეს ომის მეასე დღეა. 100 დღე გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მოკლეს და გაიტაცეს. ჩვენ ამ ომს ბოლომდე მივიყვანთ, სრულ გამარჯვებამდე, სანამ არ გავანადგურებთ „ჰამასს“, სანამ არ დავიბრუნებთ მძევლებს და არ შევქმნით გარანტიას, რომ ღაზიდან ისრაელს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც სამხრეთში, ისე ჩრდილოეთში და ვერავინ შეგვაჩერებს – ვერც ჰააგის სასამართლო და ვერც ბოროტების მხარდამჭერი ქვეყნები“, – ამბობს ნეთანიაჰუ.