ოკუპირებულ აფხაზეთში სურთ ჯარიმის გაზრდა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ. რესპუბლიკაში ავტომობილის დაზღვევის გარეშე შედიან.
ამის შესახებ ე.წ. ეროვნული კომპანია “დაზღვევის გარანტი”-ს დირექტორის მოადგილემ ახრა ქეცბამ განაცხადა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ავტომანქანების დაზღვევის შესახებ კანონი ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ 16 წლის შემდეგ დაიწყო.
ქეცბა ამბობს რომ ამჟამინდელი ჯარიმა 600 მანეთს წარმოადგენს და ავტომობილის დაზღვევის წახალისებას არ უწყობს ხელს.
„ჯარიმა უნდა იყოს 4-5 ათასი რუბლი და არა 600, როგორც ახლაა. ეს თანხა დაზღვევის ყიდვის სტიმული გახდება და თუ მანქანის მფლობელი ავარიაში მოჰყვება, ჯარიმა ათასი ან 1,5 ათასი რუბლით უნდა გაიზარდოს“, – თქვა მან.
ქეცბას თქმით, 2023 წელს კომპანიამ რუსული სანომრე ნიშნებით, დაახლოებით 90 ათასი ავტომობილი დააზღვია, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.