ბაშკირეთში პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოსდამცველი აქტივისტისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს მანქანისთვის, რომლითაც მსჯავრდებული გადაჰყავდათ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე ათასი დემონსტრანტი ქალაქ ბაიმაკში სასამართლოს შენობასთან განაჩენის გამოცხადების დღეს შეიკრიბა. ისინი აქტივისტ ფაილ ალსინოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
როგორც მედია წერს, ბაშკირელი აქტივისტი ფაილ ალსინოვი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააპატიმრეს. მის მიმართ საქმე აღძრეს 2023 წლის აპრილში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.