ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინააღმდეგია. ამის შესახებ BBC ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ ისრაელმა უსაფრთხოების სფეროში ღაზაზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს, რათა დარწმუნდეს, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის. ეს პირობა ეწინააღმდეგება მოთხოვნას პალესტინის სუვერენიტეტის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თუმცა ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს არსებობა კვლავ შესაძლებელია. „ორი სახელმწიფოს შექმნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. არის ქვეყნები, რომლებიც გაეროში შედიან, მაგრამ საკუთარი სამხედრო ძალები არ აქვთ“, – განაცხადა მან.
ასევე, ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ ისრაელი არ იტყვის უარს იორდანეს დასავლეთ სანაპირზე ტერიტორიებზე უსაფრთხოების სფეროში სრულ კონტროლზე.
„არ წავალ კომპრომისზე იორდანეს დასავლეთით მთელს ტერიტორიაზე ისრაელის მიერ უსაფრთხოების სრული კონტროლის საკითხში. ეს კი ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს იდეას“, – დაწერა მან.
მედიის ცნობით, მსგავსი განცხადება ნეთანიაჰუმ რამდენიმე დღის წინაც გააკეთა.
The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელის მთავრობას მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ღაზის სექტორი ომის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ისრაელის ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, გადავიდნენ პალესტინის სახელმწიფოს საბოლოო ჩამოყალიბებისკენ.
მაგრამ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს ასეთი მოწოდებები და განაცხადეს, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან ღაზაში მიმდინარე ომზე. ხუთშაბათს, ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი მოწოდებები.