პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული ცვლილებები საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
დეპუტატის განმარტებით, აუცილებელია, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის უფლება სუს-ის ხელმძღვანელის გარდა, რამდენიმე პირს ჰქონდეს, რათა პარლამენტის ზედამხედველობის პროცესი არ დაზიანდეს.
“სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებით არსებული ცვლილების თანახმად, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის უფლება ექნება არა მხოლოდ სამსახურის უფროსს, არამედ მოადგილესაც, რატომ იყო ეს ცვლილება აუცილებელი? – ეს იყო შემოთავაზებული ვერსია, თუ არ მეშლება, ოპოზიციამაც გაიზიარა ეს მოსაზრება. ერთადერთი რამის გამო შეიძლება ეს წინადადება საინტერესო იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რამდენჯერმე ფიზიკურად ვერ მოხერხდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა. იმის გამო, რომ პარლამენტის ზედამხედველობის პროცესი არ დაზიანდეს და იმის გამო, რომ პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაღაც კვორუმის არ არსებობის თუ რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო, ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენებები არ ცდებოდეს, ან პარლამენტს ჰქონდეს რეალურად შესაძლებლობა ანგარიშის მოსმენის, შესაძლებელია, რომ ერთის გარდა, რამდენიმე პირს ჰქონდეს ანგარიშის წარმოდგენის უფლება. შესაბამისად, ეს მხოლოდ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნაცვლად, შესაძლოა, მისმა მოადგილემ წარუდგინოს.
დღეს მოქმედი კანონით, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე და ის ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1-ელი აპრილისა, პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტში წარდგენილი პროექტით კი ანგარიშის წარდგენის უფლებამოსილება სუს-ის უფროსის მოადგილესაც ექნება.
“სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებული ცვლილებები საპარლამენტო ზედამხედველობას გააძლიერებს”
2017/02/23 11:12:32
კომენტარები
ნანახია: 1347 ჯერ