საკრებულო დღეს 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კოალიცია რომ შეკრეს, ეს პირველივე დღეებიდან ჩანდა თანამდებობები ისე გადაინაწილეს – გახარიას პარტიის წევრი არის საკრებულოს თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარეები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ისინი კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებოდნენ, რის გამოც მერიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„სწორედ ჩვენგან შეტანილი საკითხები კომისიებში ჩერდება. მერიიდან მომზადებული აბსოლუტურად ყველა საკითხი არის მოსახლეობასთან შეთანხმებული. მაგალითად ბოლო საკითხები, იყო ცხოველთა მონიტორინგის გაძლიერება, იცით რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია ქალაქში. იყო შიდა სატრანსპორტო საკითხები, მათ შორის დეველოპერული საკითხები და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესია, რომ რუსთავი გახდეს საინვესტიციოდ მიმზიდველი. როდესაც ადამიანები უყურებენ საკრებულოს ოპოზიციაში ამ პოლიტიკურ აბსურდს, მათთვის შეიძლება შიშის მომენტი იყოს, დაიწყონ თუ არა რუსთავში ბიზნესი. უკვე კანონის დარღვევასაც აღარ ერიდებიან და სწორედ ამან გვაიძულა სასამართლოში მივსულიყავით. ჩვენ ჩხუბით და აყალმაყალით არ დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე, არამედ მივედით სასამართლოში და შევეცადეთ რომ ყველა ის არგუმენტი მოგვეყვანა, რაც ჩვენს სიმართლეს დაამტკიცებდა. ალბათ ცოტა გონს მოვლენ და გადავლენ საქმიან ნაწილში, რაც დღეს რუსთავს ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ლაცაბიძემ.