შეიძლება ზოგს ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ სინამდვილეში ესენი არიან კლონები და რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი უნდა მისცეს როგორც ოპოზიციას, ისე ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნება“ გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას.
„არაფერი ახალი არ ხდება. გავიხსენოთ 2020-2016 წლების წინასაარჩევნო პერიოდი. ზუსტად იგივე ხდება. მიკვირს, რომ იგივე მეთოდებით ცდილობენ დააბნიონ ქართული საზოგადოება. სინამდვილეში ამას ყველაზე კარგი სახელი თავად მიხეილ სააკაშვილმა დაარქვა. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები. მთავარია, რომ საზოგადოება ამას ხვდება. შეიძლება ზოგს ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ სინამდვილეში ესენი არიან კლონები და რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ მხარდაჭერა. ამ არჩევნებს იგებს „ქართული ოცნება“, ყველა გამოკითხვის მიხედვით. მთავარია კონცენტრირება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მოვიგოთ დამაჯერებლად, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესი, ვინაიდან მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან კვლავ ბოიკოტი. ამიტომ ქართველმა ხალხმა მკაფიო გზავნილი უნდა მისცეს როგორც ოპოზიციას, ისე ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნება“ გაამყარებს საქართველოს დემოკრატიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.