ჩვენ არ გვყავს არმია, ჩვენ არ გვყავს უშუალო მეზობლები, რომლებიც გვემუქრებიან ძალადობით და ომით. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ კუნძულზე, ჩრდილოეთ ატლანტიკის შუაგულში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ გყავდეთ მეზობლები, მაშინ იქნებით თავისუფლად და კარგად,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტები, ჩვენთან ყოველთვის თბილა და მზეა – არასდროს დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან. სითბოსა და მზესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ გუშინ მე ვისიამოვნე საქართველოს სითბოთი, როდესაც ვიმყოფებოდი გადაკვეთის წერტილში, ოძისში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. ეს იყო ხაზი, რომლის გადაკვეთაც მე არ შემეძლო, იმის მიუხედავად, რომ მეორე მხარესაც საქართველოს ტერიტორია იყო. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაცია იყო ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ჩემს კუნძულთან შედარებით. ჩვენ არ გვყავს არმია, ჩვენ არ გვყავს უშუალო მეზობლები, რომლებიც გვემუქრებიან ძალადობით და ომით. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ კუნძულზე, ჩრდილოეთ ატლანტიკის შუაგულში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ გყავდეთ მეზობლები, მაშინ იქნებით თავისუფლად და კარგად. ასეთი იქნებოდა რჩევა ისლანდიისგან. თქვენ შეგიძლიათ, ამას შეეკამათოთ. ჩვენი ისტორია სხვებისგან დაშორებით მდებარე ჩვენს კუნძულზე გვეუბნება, რომ უსაფრთხოება, ჩვენი დაცულობა დამოკიდებულია სხვების უსაფრთხოებასა და დაცულობაზე“, – განაცხადა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა.