ზურაბ ადეიშვილი რა სისტემის ნაწილი და შემოქმედიც იყო, ამას არ სჭირდება ახსნა ქართველებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ საჭირო გახდა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განგვემარტა, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს და ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას საქართველოში.
„ადამიანები, რომლებიც იყვნენ შემოქმედი იმ რეჟიმის, რა რეჟიმიც იყო საქართველოში, რომელიც ტოტალურად არღვევდა ადამიანის უფლებებს და იყო მიმართული ჩაგვრისკენ, ასეთი რეჟიმის შემოქმედები როდესაც დღეს დემოკრატიის საფარქვეშ მართავენ შეხვედრებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ბუნებრივია, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. გარდა ამისა, საქმე ეხება ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას და შემდეგ უკვე საქართველოში ევროპულ თუ ანტიევროპულ განწყობებს.
დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ჩვენთვის ეს არის ძვრიფასი, სწორედ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან ნამდვილად არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.