რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპი ფრანცისკე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს არა კიევს, არამედ დასავლეთს.
„მე ამას ასე ვხედავ: რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა“, – განუცხადა ზახაროვამ იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს.
მისი მტკიცებით, დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასუსტებისთვის თავისი ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს.
„ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკავს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ უკრაინაში სიტუაცია „ჩიხშია“.
შვეიცარიულ გამოცემასთან საუბარში რომის პაპმა თქვა, „მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა „მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა“.
პაპის განცხადება დასავლეთში გააკრიტიკეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი თქვა, რომ „ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში სიკეთის მხარეს დგება, არ ცდილობს მათ გათანაბრებას და ამას მოლაპარაკებებს უწოდებს“.
კულებამ, ასევე, მიანიშნა ვატიკანის პოზიციაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პაპმა პიუსმა, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, იცოდა ნაცისტების მიერ ებრაელთა მასობრივი მკვლელობის შესახებ, მაგრამ არაფერი გააკეთა.
“მოგიწოდებთ, არ გაიმეოროთ ისტორიული შეცდომები და თანმიმდევრულად მხარი დაუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს საკუთარი სიცოცხლისთვის სამართლიან ბრძოლაში. ჩვენი დროშა ყვითელ-ლურჯია. მის ქვეშ ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ სხვა დროშებს არ აღვმართავთ“, – დაწერა მინისტრმა.