იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ ვეტინგის საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, თუნდაც საბჭოს წევრების არაკეთილსინდისიერების შესახებ, რაც მათივე თქმით, ბუნებაში არ არსებობს. საბჭოს წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების მოთხოვნას სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მორიგ მცდელობად აფასებენ.
„აქ საუბარი არ არის კონკრეტული მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებაზე. აქ უფრო სხვა შინაარსი და განზრახვა იკითხება. ეს არის ერთადერთი იმის მცდელობა, რომ კონკრეტული, მათთვის არასასურველი მოსამართლეები გათავისუფლდნენ დაკავებული პოზიციებიდან, რომ მმართველობა აიღონ საკუთარ ხელში. ანუ საბჭო დატოვონ უფუნქციოდ და საერთო სასამართლოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახით არის წარმოდგენილი, შექმნან გარკვეული კრიზისი მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებაში“, – აღნიშნავს საბჭოს წევრი ლევან მიქაბერიძე.