ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია – მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა, – ამის შესახებ სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ნაწილია და არა დასასრული. ბრძოლა არ დამიმთავრებია, იმედიანად ვარ და მინდა, რომ სამართლიანობა ბოლომდე აღდგეს, დაისაჯონ, რა თქმა უნდა, შემსრულებლებიც და დამკვეთებიც“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ.
ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს – სასამართლომ მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. დაცვის მხარის განცხადებით, ეს იყო გაქცევის იმიტაცია, თითქოს ის გაქცევას აპირებდა ბადრაგირების დროს, რაც სიცრუეა და გამოძიებითაც დადასტურდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 10 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2023 წლის 29 ივლისს დაიწყო. არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. 2024 წლის 12 თებერვალს კი პროკურატურამ ამავე საქმეზე 2 ადამიანი დააკავა.