პარლამენტის თავმჯდომარემ ლიხტენშტაინსა და შვეიცარიაში ვიზიტები დაასრულა. შალვა პაპუაშვილმა ორივე ქვეყანაში უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, სადაც საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში მნიშვნელოვანი ვიზიტი დასრულდა. ორივე ქვეყანაში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან – საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის დონეზე. ყველგან ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც შვეიცარიის მხრიდან ვგრძნობთ, იმ მედიაციის როლის შესრულებით, რომელიც მას აქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის საკითხებში. ასევე გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა სფეროებში შეიძლება გვქონდეს ორმხრივი ურთიერთობა. განსაკუთრებით ეს ეხება განათლების სფეროს, პროფესიულ განათლებას, რომელიც ამ ქვეყნებში არის გამორჩეულად ძლიერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.