რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე „იმედი LIVE“-ის წამყვანები ბორჯღალოსნებს გაესაუბრნენ, რომლებმაც თამაშამდე საკუთარ განწყობასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
„დღეს ნამდვილად გვინდა, რომ დამანგრეველი ანგარიშით მოვიგოთ, მაგრამ მოვლენების გასწრებაა. ჯერ უნდა მოვიგოთ. პორტუგალია ძალიან მაგარი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, რაც მე პირადად ძალიან მიკვირს, თუმცა ეს დასაფასებელია და მათ პატივისცემა ნამდვილად ეკუთვნით. ნებისმიერი გამარჯვება დღეს ჩემთვის უკვე სასიხარულო ფაქტი იქნება, თავისთავად, ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ისე მოვიგოთ, გული კარგად ვიჯეროთ ჩვენც და მაყურებელმაც“, – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა, ცენტურიონმა მერაბ შარიქაძემ.
თორნიკე ჯალაღონიამ განმარტა, როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა პერიოდმა და გულშემატკივრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კვირამ იდეალურად ჩაიარა. ყველა მაქსიმალურად ვართ მობილიზებულები და მზად თამაშისთვის. ვეცდებით, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვარიანტები ვიყოთ. გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდ მუხტსა და ძალას გვაძლევენ და ვეცდებით იმედები არ გავუცრუოთ, ის სანახაობა ვაჩვენოთ, რისთვისაც ჩამოდიან და მაქსიმალურად კმაყოფილები დავტოვოთ“, – აღნიშნა მან.
ვასილ ლობჟანიძის თქმით, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება ტურნირის ყველა მონაწილისთვის სასურველია.
„ვფიქრობ, ყველას სურს ჩვენთან გამარჯვება, რადგან უკვე მეექვსე წელია მიყოლებით ჩემპიონები ვხდებით და პორტუგალიასაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი ექნება ჩვენთან გამარჯვების, იმიტომ, რომ ჩვენთან მოგებით სხვა გუნდები ძალიან დიდი ნახტომს აკეთებენ თავიანთ ასპარეზზე“, – აღნიშნა ლობჟანიძემ.