მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის მიერ ევრონესტში პროევროპული რეზოლუციის ჩაგდებას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ასე იმოქმედეს. ეს არის პირდაპირი ღალატი და ეს ადამიანები დიდი ხანია ამ ფერხულში არიან და ამ გზას ადგანან. ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რომ ასე მოიქცნენ. არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ემტერებიან საკუთარ სახელმწიფოს. შეიძლება მე ხელისუფლება არ მომწონდეს, მაგრამ მარტივი თამაშის წესებია, როგორ უნდა იქცეოდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს არის აგენტურა, დავალებების შემსრულებელი ძალა, რომელიც ინსტრუქციებით მოქმედებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა