თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს შორის ერთ-ერთი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. 59 წლის კაცს აფეთქების შედეგად სხეულისა და სასუნთქი გზების 20 %-იანი დამწვრობა აქვს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. გუგა ქაშიბაძის განმარტებით, დანარჩენი ორი დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.
სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების ადგილიდან მეხანძრე-მაშველებმა 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ხოლო ერთი მაღაზია „ბეთლგრაუნდის” თანამშრომელია.
აფეთქების მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.