2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკომ პირველი მცირე ინტერვიუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მისცა.
ტელეკომპანიასთან საუბრისას, სავჩენკომ პატიმრობის პერიოდში ქართველი ხალხის თანადგომაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კი ქართულ ეროვნულ ბალეტ „სუხიშვილების“ მხარდაჭერაზე გაამახვილა.
„ადამიანურად ვილაპარაკოთ, რა საჭიროა ეს ინტერვიუები, რა არანორმალურები ხართ ეს ჟურნალისტები. ერთ რამეს გეტყვით, როდესაც რუსული არხით გავიგე, რომ სუხიშვილების ბალეტმა ჩემს მხარდასაჭერად იცეკვა, იცით, რა გამახსენდა? ერთხელ გამიმართლა და მათ კონცერტზე მოვხვდი. ეს იყო წარმოუდგენელი, საოცარი სანახაობა. ისეთი ეიფორიული გრძნობები მქონდა, ძალიან მომეწონა მათი ცეკვა… როცა გავიგე, რომ მე მგულშემატკივრობდნენ, მომინდა, ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა. რუსული არხი ხომ წარმოგიდგენია, სულ პატარა ნაწილი აჩვენეს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვნახე და მომინდა მათთან ერთად ცეკვა. გავიფიქრე კიდეც, თუ ისინი ჩემ გამო გამოვიდნენ, იქნებ ოდესმე მეც შევძლო მათთან ერთად ცეკვა-მეთქი.
საოცრად ლამაზია ქართული ცეკვა. ახლა ვიცი, რომ დამიწყებთ პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა შეკითხვის დასმას და ამით ყველაფერს გავაფუჭებთ. მე თქვენთან ადამიანური ურთიერთობა მსურს, რაც მართლა ძალიან მახარებს“,- განაცხადა ნადეჯდა სავჩენკომ.
სავჩენკომ პოლიტიკურ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავა. კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს უკრაინამ და საქართველომ საერთო მტრის წინააღმდეგ, რადგან ორი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, სავჩენკომ ასე უპასუხა:
„ხვალამდე მოვიფიქრებ და გიპასუხებთ. ახლა უცენზურო სიტყვების გარეშე ჩემს აზრს ვერ გამოვხატავ. ხვალინდელ პრესკონფერენციაზე მზად ვარ ყველა ჟურნალისტს გავცე პასუხი. სულ რომ 8 საათი დამჭირდეს, გავუძლებ. აი, თქვენთვის კი არ ვიცი, რამდენად იქნება საინტერესო. ხვალ უნდა დავხურო ყველა თემა და მუშაობას შევუდგე“, – აღნიშნა ნადეჟდა სავჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟა სავჩენკო 2014 წლის ივნისში აღმოსავლეთ უკრაინიდან პრორუსმა სეპარატისტებმა გაიტაცეს და მიმდინარე წლის მარტში მას რუსეთის სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წლის 25 მაისს კი სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და იგი სამშობლოში დაბრუნდა.