სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს კოძიასი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრას საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის ისტორიულად არსებული კავშირების განმტკიცებას და სამომავლო პერსპექტივების დასახვას. სტუმარმა მისი უწმინდესობა მიიწვია საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ათენში გაიმართება.
როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, საბერძნეთი არის სიმბოლო, ნიმუში სულიერებისა და კულტურის.
„ჩვენ მუდამ მოხარულები ვარ ასეთი შეხვედრების. ჩვენს შორის უძველესი კონტაქტები იყო ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე. ჩვენ გაოცებულები ვართ იმ კულტურით, რომელსაც ფლობს ბერძენი ხალხი.
გლობალიზაციის პროცესში ჩვენ ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ ერთმანეთისგან. უძველესი ბერძნული კულტურა და საქართველოს კულტურა ეს უნიკალურია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი დაცვისთვის. მე სრულიად ვეთანხმები, რომ კულტურას გვაძლევს ღმერთი, ამავე დროს კულტურას ქმნის თვითონ ადამიანი. იმედია, ჩვენი კულტურა განვითარდება, წინ წავა. თქვენ გამოიარეთ ძალიან მძიმე გზა ევროპაში და თქვენ ღირსეულად დაძლიეთ ის სიმძიმეები, რომელიც წინ შეგხვდათ. არ გვეშინია მომავლის სიმძიმეების. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება იმ სიმძიმეებს“, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორის თქმით, ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ საბერძნეთში და ასევე ბევრი ადამიანი მუშაობს იქ და საზრდოობს. მისივე განცხადებით, გაჭირვების დროს საბერძნეთმა დიდი დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს.
კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.