„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით 13 მაისის კვირაში განიხილავს. ოპოზიცია კვლავ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს, საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპონენტების მხრიდან უარგუმენტობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს საბაბად იყენებენ და მათი რეალური მიზანი, საქართველოში რევოლუციის მოწყობაა.
„ოპოზიციის მხრიდან არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა რამე ცვლილება შეგვეტანა კანონში ისე, რომ ის უკეთესი გამხდარიყო, უკეთ მომსახურებოდა დასახულ მიზანს. ოპოზიცია ამ კანონს უბრალოდ იყენებს საბაბად და მათი რეალური განზრახვა არის საქართველოში რევოლუციის მოხდენა ხელისუფლების ხელში ასაღებად. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ამ კანონპროექტის მიზანსაც და მომხრე არის ქვეყნის სუვერენიტეტის“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.