პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის დაზუსტებას და ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს. კერძოდ, ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.
პარლამენტის 80 წევრის ინიციატივა პლენარულ სხდომას პარალმენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა.
ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში, რომელიც ამჟამინდელი რედაქციით არის ასეთი: – ”ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”. როგორც განხილვის დაწყებამდე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ აღნიშნა, საჯარო განხილვებისას გამოჩნდა, რომ მოქალაქეები მომხრე არიან აღნიშნული მკაფიო განმარტება იყოს ჩაწერილი კონსტიტუციაში.
”იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, იმიტომ რომ მაღალი კვორუმია საჭირო, კერძოდ 113 ხმა, განხილვებში მონაწილე საზოგადოების პოზიცია იყო ასეთი, რომ გამართლებული იქნება რეფერენდუმის ჩატარება და საზოგადოების გამოკითხვა, რამდენად ემხრობიან ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების დაკანონებას”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტი ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის საკითხს იხილავს
2016/05/27 15:21:06
კომენტარები
ნანახია: 1424 ჯერ