ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2″-ის მხარდამჭერ აქციაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. მან პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მეგობრებო, დღევანდელი დღე არის მთლიანად ქართველი ხალხის დამსახურება, ქართველი ხალხის, ვისაც შეიძლება მოსწონს „რუსთავი 2″ და არ მოსწონს, მაგრამ მთავარი მოსწონს – სიმართლე და ყოველთვის იმის მხარესაა, ვის მხარესაც სიმართლეა. რაც მთავარია, ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპული გზიდან; ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ არ მივდივართ სიმართლის გზით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს, ამ დღეებში, როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ, ევროპა წამოვიდა ჩვენსკენ. დღეს არის დიდი ევროპული დღეც. დღეს არის ევროპის, ევროპული დემოკრატიის გამარჯვებისა და ზეიმის დღე. დღეს არის იმ ძალების დამარცხების დღე, რომლებიც სხვაგან ექაჩებიან ამ ქვეყანას”, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“სიმართლე ჩვენს მხარესაა”
2017/03/11 17:43:10

ნანახია: 1655 ჯერ