საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის მესამე დღე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით მასშტაბურად აღინიშნა.
26 მაისის მრავალფეროვანი პროგრამა შემდეგ ღონისძიებებს მოიცავდა: ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი (დირ. ს. ჯანგულაშვილი) და გამოჩენილი ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი; ჩატარდა მსოფლიოს დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, მასტერკლასი ჭადრაკში – ოთხ დაფაზე; ხის ოსტატებმა – ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) – თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს; ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე).
26 მაისის საზეიმო ღონისძიება ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.
ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.
პირველი საფესტივალო კვირის ფარგლებში (24-26 მაისი) ასევე გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: მოეწყო სამხატვრო აკადემიის მოქანდაკე სტუდენტების ნამუშევრების წარდგენა ლევილის მამულის პარკში; კომპანია „ფაფანაკმა“ წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი – საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი მრავალფეროვანი მორთულობითა და ატრიბუტიკით; გაიმართა ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის, მასტერკლასი ჭადრაკში – ოთხ დაფაზე; საზოგადოების წინაშე წარდგნენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი; ქართველმა მორაგბეებმა – გიორგი ნემსაძემ, გიორგი მელიქიძემ, სერგი აბრამიშვილმა, ვასილ კაკოვინმა, გიორგი ცუცქირიძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ხარაიშვილმა – ფესტივალის სტუმრებისთვის რაგბის მასტერკლასი ჩაატარეს.
ლევილის მამული უკვე მეორედ მასპინძლობს ქართულ ფესტივალს, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება. ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო საფესტივალო ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება და მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. წელს ქართული ფესტივალი ლევილში განსაკუთრებულად ტარდება, გაზრდილია ფესტივალის ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა. ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ფესტივალის ფარგლებში ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები, კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ასევე, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან. ხაზგასასმელია, რომ წლევანდელი საფესტივალო პროგრამა სიახლეებითაა დატვირთული. პროგრამა მოიცავს არაერთ სპორტულ აქტივობას: რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება (ხრიდოლი). წელს პირველად პროგრამაში მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, კერძოდ, ლევილის მამულში იმყოფება სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის ქანდაკების მიმართულების შვიდი სტუდენტი, რომლებიც კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პირველი სტუმრები არიან. სტუდენტები ლევილში ნამუშევრებზე მუშაობენ, რომლებიც დასრულების შემდეგ მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა პროექტის – „ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი“ ფარგლებში.
ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა.