ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი.
„სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, წლის ნებისმიერ დროს აღნიშნული სივრცე დასვენებისა და გართობისთვის გამოიყენონ. დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულებას, რომელიც 2017 წლიდან გვაქვს, არ ვცვლით, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე გავაჩინოთ, ახალი პარკების პროექტები განვახორციელოთ და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს ქალაქისთვის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებს რეკრეაციასთან დაკავშირებით.