ბიძინა ივანიშვილის გზავნილები იყო პოლიტსაბჭოს განცხადების გავრცობა. ეჭვი არ გვეპარება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ, უბრალოდ ჩვენმა მხარდამჭერებმა არ უნდა დაიზარონ და უნდა მივიდნენ არჩევნებზე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ საჯარო სასამართლოს წინაშე წარდგეს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და ომთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები გასცეს. მეორე თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი – ანტი ლგბტ კანონი, რომელსაც სექტემბერში მეორე-მესამე მოსმენით მივიღებთ, მაგრამ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ კონსტიტუციით გამყარდეს ეს ყველაფერი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში კონსტიტუციაში ცვლილებები იქნება შეტანილი, რაზეც დარწმუნებულები ვართ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს და კონსტიტუციის ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.