საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების – ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა.
სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით აღსრულება უსურვა.
სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება.
ETERNITY 2024 მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.