გადასარევი ამბავი რუსთავის ავტოდრომიდან: პოული ჩვენია! დათა ქაჯაიამ კვალიფიკაციაზე “იფრინა” და საუკეთესო დრო აჩვენა , რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რბოლას (კვირას, 12:00-დან) პირველი პოზიციიდან დაიწყებს!
ეს იყო ქართველი მრბოლელის პირველი პოული TCR-ის საერთაშორისო სერიაში – შესაბამისად, დათა ისე ახლოსაა პირველ გამარჯვებასთან, როგორც არასდროს! და, თანაც, ეს ყველაფერი, ჩვენთან… საქართველოში, რუსთავის ავტოდრომზე!
“პოულის მოგება სასწაული განცდაა! განსაკუთრებით ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ეს პირველად ჩემს ქვეყანაში, ჩემი გულშემატკივრების, მეგობრების, ჩემი ხალხის თვალწინ მოვახერხე.”
“მადლობა ყველას, განსაკუთრებით კი ჩემს თანაგუნდელებს, რადგან მათ ძალიან მაგრად იმუშავეს. მეორე პრაქტიკის შემდეგ რაღაცები შევცვალეთ და მანქანაც გაფრინდა! ყველამ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ასეთ უპირატესობას არ ველოდი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს უსწრაფეს წრეში მთელი გული ჩავდე!” – განაცხადა დათა ქაჯაიამ კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ.