სალომე ზურაბიშვილი რაც მეტს ილაპარაკებს, მით უკეთესი იქნება, რადიკალური ოპოზიციის პოზიციას უფრო დააზიანებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, მსგავსი რიტორიკის მქონე ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უკეთესი იქნება, რადგან რადიკალური ოპოზიციის პოზიციას უფრო დააზიანებს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას კი უფრო გაზრდის. მსგავსი რიტორიკის მქონე ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში, მით უმეტეს, ხელისუფლებაში არ არის. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია პროევროპული კი არ არიან, არამედ პრომის პარტია და ომის მოძრაობა არიან. მათ სხვა მიზანი და ამოცანა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიონ, რაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეუწყობს ხელს.
ამ მავნებლურ გეგმას არავის განვახორციელებინებთ. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია ანტიქართულ ძალას უდრის, რომელსაც არც ევროპული და არც ქართული ღირებულებები არ აქვს. ამ აგენტურას ღირებულებები არ აქვს. ოპოზიცია აგენტურას უდრის, რაც სინამდვილეა და ეს საზოგადოებამ მკაფიოდ იცის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.