საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე ერთგულება გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი.
„2019-2020 წლებში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველო თავმჯდომარეობდა, ოთხი პრიორიტეტიდან ორი მთავარი იყო – ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს გარანტს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად; ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.
ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვსურს, შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული,“- განაცხადა პრემიერმა.