ოპოზიციას გაჯინიანება ჩვევაში გადაუვიდა, თავის ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ აწვალებს, თავს აარჩევინებს და მერე უარს ეუბნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას ერთგვარი ჰობი აქვს, რომ ამომრჩეველს თავი აარჩევინოს და მერე თქვას, რომ პარლამენტში აღარ შედის.
„ეს უნიჭო სპექტაკლი რომ საზოგადოებამ არ მიიღო წინა მოწვევაში, ამას ვერ იაზრებენ და რაღაცნაირად იმეორებენ. ეს არის ე.წ. აკვიატებული მიზნები, რაც არცერთ შემთხვევაში არ გამოვა. ეს თავადაც კარგად იციან, თუმცა ახლა ხალხისგან და უცხოეთისგან ლეგიტიმაცია აღარ აქვთ, შესაბამისად, ცარიელ ლანგარზე დარჩნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, საზოგადოება მოატყუონ, რომ ვითომ სიების ჩახსნა უნდათ. მას შემდეგ, რაც ცნობილი იქნება მათი უფლებამისილება, პირველი სხდომის შემდეგ სათითაოდ ყველა არჩეული დეპუტატის ნებაზეა დამოკიდებული, ინდივიდუალურად უნდა დაწერონ განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს ვითომ მაშველი რგოლები ახლა ოპოზიციას არ გამოადგება. ოპოზიციას ახლა უნდა, ტალღა ააზვირთოს და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი ან უცოდინრობა. ორივე შემთხვევაში ოპოზიციას ეს თამაში წაგებული აქვს. სულ რამდენიმე დღეა პირველ სხდომამდე დარჩენილი და რატომ ვერ ითმენენ? მოჩვენებით ხასიათის სპექტაკლებს დგამენ. გვარამია ამბობს, პარლამენტში არ შევიდეთო. გვარამია ვერც შემოვა, რადგან არჩეული არ არის. ოპოზიციას არ აქვს არაფრის არც რესურსი, არც მიზანი და არც გეგმა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.