თბილისის მთავარ სამმართველოში „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის გამოკითხვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
საქმე ეხება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებს. ფაქტებთან დაკავშირებით მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას სწორედ მმართველმა გუნდმა წარუდგინა.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, იდენტიფიცირებულია 102 შემთხვევა, როცა ოპოზიციამ ოცნების მხარდამჭერები ფარულად ან ნების საწინააღმდეგოდ სხვა რაიონებში დამკვირვებლებად დაარეგისტრირა, რის გამოც მათ არჩევნების დღეს ხმის მიცემა ვერ შეძლეს.
„განვიხილეთ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანების ფიზიკური პირების შესახებ, მათთან დაკავშირებული განსხვავებული ქეისები.
ადამიანებმა აღმოაჩინეს არჩევნების დღემდე, რომ იყვნენ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულები. ცალსახად გვაქვს სავარაუდო დანაშაულის მცდელობის ნიშნები. ცალკე ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა ზესტაფონის შემთხვევას, სადაც საუბნო გადასატან ყუთს არ ახლდა თან ამომრჩევლების ხელმოწერები, რაც გახდა საბოლოო ჯამში ამ ყუთის შედეგების და შესაბამისად, ამომრჩევლების გამოხატული ნების ბათილობის საფუძველი.
თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რაც კი არსებობდა კითხვა ჩვენს ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიწოდებულ იქნა საგამოძიებო სამსახურისთვის. თუ იქნება საჭიროება, აუცილებლად ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას დამატებითად მივაწვდით ნებისმიერ საგამოძიებოსამსახურს, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ არავითარი მტკიცებულება ხელში არ უჭირავთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.