აშშ-დან მოველით, რომ უფრო ცხადად დავინახოთ თუ რა არის მათი ინტერესი, რა სურთ მათ და მაშინ, როდესაც საუბარია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენ დავინახოთ რეალური ნაბიჯები, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„ახლა, ერთგვარად გარდამავალი პერიოდია აშშ-ში. იცვლება ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტია არჩეული და შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგარეო ურთიერთობებში და მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მსგავსი ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ასევე მოველით აშშ-დან რომ უფრო ცხადად დავინახოთ თუ რა არის მათი ინტერესი, რა სურთ მათ და მაშინ, როდესაც საუბარია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენ დავინახოთ რეალური ნაბიჯები. სამწუხაროდ, ამ დრომდე ამას ვერ ვხედავთ. თუ გინდა, რომ ქვეყანა იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, შეუძლებელია მას ესაუბრო სანქციებისა და შანტაჟის ენით.
მოველით, რომ გვექნება შესაძლებლობა ბევრად უფრო მშვიდ გარემოში, პარტნიორებს რომ შეეფერება, ისე ვისაუბროთ ერთმანეთთან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვქონდეს შემდგომი ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.