მსახიობი ჯაბა კილაძე „მარშალპრესის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თეატრებში ოპტიმიზაციასა და მსახიობების პროტესტს გამოეხმაურა.
„რასაც ეს დღეებია ვუსმენ, არის მარტო ყვირილი და მოთხოვნა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ დღეში და მე არ მომწონს ეს. ამგვარი ფორმით არ უნდა ვიყვიროთ და ვიძახოთ, რომ ჩვენ რა საწყალი ხალხი ვართ და ასე შემდეგ. ამ ფორმით ჩვენ საწყალი ტიპები გამოვედით, რომლებიც დახმარებას ვითხოვთ და ნაწილი საზოგადოების ამბობს, რომ „უიმე, უიმე, საცოდავები, მოდი რა, ვაჭამოთ”, ხოლო ნაწილი ამბობს – „საერთოდ ვინ არიან, ერთი ამათი დედა ვატირე” – და ვინ შექმნა ეს ყველაფერი? გარკვეულწილად იმ ადამიანებმა, ვინც ამაზე ლაპარაკობდა და ჟურნალისტების ნაწილმა, რომლებმაც ასეთი ფორმით გააშუქეს ეს ყველაფერი. თვითონ გამოხატვის ფორმა არასწორია.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი პროფესია არ არის ხელისგასაწვდენი, ეს არ არის მასხარების პროფესია, არ არის მხოლოდ გამრთობების პროფესია და არ მივიჩნევ, რომ ვიღაცა უნდა დამეხმაროს, რომ მე ვარ საწყალი და ამიტომ უნდა მომეშველოს. ამ პროფესიას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თეატრს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. კი არ უნდა ვიყვიროთ, კონკრეტულ გამოსავალზე უნდა ვისაუბროთ! ამ პრობლემაში გამოსავალი არსებობს – ისეთი საკანონმდებლო ფონი შეიქმნას, რომ ამ სფეროთი ბიზნესი დაინტერსდეს.
თვითონ ბიზნესმენისთვისაც და მისი ბიზნესისთვისაც პრესტიჟია ეს, უკვე სხვა სიმაღლეზე ხარ, როდესაც ეს სეგმენტი გიჭირავს და მათ აფინანსებ. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ პირობითად ვიტყვი, შენ თუ 10%-ს თეატრს მისცემ და სახელმწიფოსგან შეღავათი გექნება და პირობითად, 15%-ს გადაგახდევინებს, ბიზნესმენი ხომ ჩადებს ფულს თეატრში?! ეს პრესტიჟიც იქნება მისთვის, კარგ საქმესაც გააკეთებს, მადლობას ვეტყვით, რომ ჩვენზე იზრუნა, მისი შვილისთვის, მომავლისთვის. საერთოდ, რამხელა სახელი ექნება, რომ დაინახავენ, რას აფინანსებს”, – განაცხადა ჯაბა კილაძემ.