ზაპოროჟიეში, კერძო საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილთა პოვნას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიაზე იერიშის დროს ააფეთქეს ატომურ ელექტროსადგურთან მყოფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მანქანაც. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დაიბომბა ასევე სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაზიანდა საცხოვრებელი შენობა. პარალელურად, დღეს გამთენიისას რუსეთის მსხვილ სამრეწველო ქალაქებში მომხდარი აფეთქებების შესახებ იუწყება რუსული მედია. შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე, სადაც განთავსებულია საავტომობილო, მეტალურგიული, ავიამშენებელი და ელექტრო-თერმული მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნები. არავინ დაშავებულა.
ხანძარი გაჩნდა ბრიანსკის ოლქშიც უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად. ცეცხლი წაეკიდა ერთ-ერთ “სამრეწველო ობიექტს”. მეტ დეტალს რუსული მედია არ აკონკრეტებს.
ამავე დროს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინისთვის “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში 20 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანხა 50 მილიარდიანი დახმარების ნაწილია და მისი
გადახდა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება.
აშშ-მა ასევე გამოაცხადა 226 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო გაყიდვების პაკეტი, რაც საშუალებას მისცემს კიევს F-16 თვითმფრინავების მოვლა უზრუნველყოს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ამ ზამთარს დაიწყოს და პროცესში ჩართული იქნება პოლონეთიც.
