სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და უნდა დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს მისი ყოფნა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რაღაც მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია გვაჩვენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან, არჩევნების შემდგომაც, როდესაც ინფორმაციის გარეშე არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს. დღეს აშკარად ჩანს, რომ არანაირი ძალა, არანაირი მუხტი არ არსებობს, რომელიც შეძლებს ძალადობრივი წესით შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები დღეს ჩატარდა. ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.