გრენლანდიას არ უნდა არც ამერიკა, არც დანია. გრენლანდიას დამოუკიდებლობა უნდა, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ. იგი აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კუნძულზე კონტროლის დამყარების ინტერესი გამოხატა და ამ მიზნით სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა, – იუწყება Financial Times-ი.
მისი თქმით, სტატუს-კვოს შენარჩუნება „მიუღებელია“. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ კუნძულს, რომელზეც 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებლობა სურს.
„ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დანიელები, არ გვსურს ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – განაცხადა ეგედემ და აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.
მისი თქმით, კუნძული ღიაა მოლაპარაკებებისთვის აშშ-სთან, თუმცა, მის ბედს გადაწყვეტენ თავად გრენლანდიელები. მან ტრამპის განცხადებას სერიოზული უწოდა, თუმცა, კუნძულის მაცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ ესმის გრენლანდიის სურვილი იყოს, დამოუკიდებელი, თუმცა იქვე დაამატა, რომ მას აქვს სურვილი შეინარჩუნოს დანიის სამეფოს მთლიანობა, დანიის, გრენლანდიის და ფარერის კუნძულების სახით.
Financial Times – ის ინფორმაციით, გრენლანდიაში უკვე განთავსებულია აშშ-ს სამხედრო ბაზა, რომელიც განიხილება, როგორც არქტიკის უსაფრთხოების ცენტრი. სტატიაში აღნიშნულია, რომ გრენლანდიას დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, თუმცა, არასაკმარისი ეკონომიკური ზრდის გამო, ვერ წყვეტს კავშირებს კოპენჰაგენთან.
ცნობისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიაში იმყოფებოდა. ის კუნძულის მკვიდრებს შეხვდა. მათ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდები ეხურათ და აცხადებდნენ, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა ძალიან გაუხარდებათ.