პოლიციამ პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ზებრო დააკავა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ ცხადდებოდა, – იუწყება პოლონური მედია.
ზებრო, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა.
პოლიცია ზბიგნევ ზებროს ორ სახლში ეძებდა, სადაც ის მათ არ დახვდათ. შემდეგ პოლიცია TV Republika-ში მივიდა, სადაც ზებრო ინტერვიუს პირდაპირ ეთერში აძლევდა. ის მაშინ დააკავეს, როდესაც ყოფილი მინისტრი ტელესტუდიიდან გამოდიოდა.
ზებრომ არაერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდებოდა, რომელიც ყოფილი მთავრობის მიერ სათვალთვალო სისტემის Pegasus-ის გამოყენების გამოძიებისთვის შეიქმნა.
წინა ხელისუფლების დროს, პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ იყიდა ისრაელის წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის სათვალთვალო სისტემა, რომელსაც მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება პირადი სივრცის დარღვევის შესახებ. გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა მისი გამოყენებით თავის კრიტიკოსებზე და მაშინდელ ოპოზიციაზე აწარმოებდა თვალთვალს.
საგამოძიებო ჯგუფმა მიმართა სასამართლოს თხოვნით, აიძულონ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გამოცხადდეს კომისიაში და შესაბამისი ჩვენება მისცეს. ზებრო არ გამოცხადდა არც ბოლო მოსმენაზე, რომელიც პარასკევს დილით იყო ჩანიშნული და ამის ნაცვლად წავიდა TV Republika-ში ინტერვიუს მისაცემად, რომელიც ღიად უჭერს მხარს წინა ხელისუფლებას.
ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ არასდროს წარდგება კომისიის წინაშე, რადგან ის ორგანოს უკანონოდ თვლის.
„მე არსად არ ვიმალები, ახლა ვარ TV Republika-ს სტუდიაში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში ინტერვიუს დროს.
შესაბამისმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, მოეთხოვა ყოფილი იუსტიციის მინისტრის 30 დღიანი დაკავება.