„ფარა“ ამერიკაში 1938 წლის შემდეგ მოქმედებს, ბევრი ცვლილება განიცადა და დღეს მოქმედი კანონი გვინდა, რომ ჩვენც გადმოვიტანოთ საქართველოში, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოში „ფარას“ ანალოგი კანონის შექმნაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ამასთან დაკავშირებით მსჯელობები ღიად იქნა შემოთავაზებული უმრავლესობის ლიდერის მხრიდან და მე ვფიქრობ ის, რაც ამერიკაში მოქმედებს კანონი ჩვენთანაც იმოქმედებს. ვისაც ამერიკაში ეხება ის აქაც შეეხება და რა შედეგსაც ეს კანონი იღებს ამერიკაში, რა დაზღვევის მექანიზმი და ხარისხიც მას ამერიკაში აქვს, ის ექნება საქართველოშიც.
აქ არავითარი განსხვავებული და მითუმეტეს რუსული თუ ირანულ-ჩინური კანონი არ არის. ეს არის დასავლური, ამერიკული კანონი, ამაზე საუბრობს დღევანდელი ადმინისტრაციაც, ამას იყენებდნენ მანამდე არსებული ადმინისტრაციებიც და ახლა გამოვიყენებთ ჩვენც“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.