„იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ის მიდგომები, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ცდილობდნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას და თავიანთი აზრის ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევას,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს – „უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ! უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ფაქტები აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს მეორეხარისხოვან ქვეყანა მიიჩნევენ.
„იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ის მიდგომები, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ცდილობდნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას და თავიანთი აზრის ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მოძრაობა დაიწყო, ჩვენ გამოვაქვეყნეთ პირველი წერილი, რომელიც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ომში ჩართვისკენ მოწოდებებთან დაკავშირებით. „ხალხის ძალა“ იყო პირველი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ეს ღიად განაცხადა. ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ გააცამტვერა. სულ ახლახან ვიხილეთ გერმანიის ელჩის არაკონსტრუქციული განცხადება, რომელიც თავისივე ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. ასეთი ფაქტები ბევრი გვახსოვს. შესაბამისად, ასეთი მიდგომები უნდა დამთავრდეს. სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისთვის, როგორც ჩანს საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყანას წარმოადგენს და ისინი ცდილობენ რიგ შემთხვევებში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ზოგადად უცხოური ძალების ინტერესების გატარებას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.