მათი რიტორიკა განსხვავებული რომ ყოფილიყო, ჩვენც და საზოგადოებასაც ის უფრო გაგვიკვირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოხდა მათი ზნისა და ბუნების ლუსტრირება, რომ ეს ადამიანები დგანან ნარკოდანაშაულის მხარეს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რადიკალური ოპოზიციაზე საუბრისას.
იგი რადიკალების განცხადებებს გამოეხმაურა, რომ ხელისუფლებამ ანტინარკოტიკული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები შესაძლოა, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენოს. იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხში „დანაშაულის მხარეს ყოფნა არჩიეს“.
„ჩვენ ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც როდესაც საუბარია ომსა და მშვიდობაზე, ომის მხარეს დგება; როდესაც საუბარია სუვერენიტეტსა და მონობაზე, დგებიან მონობის მხარეს და როდესაც საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ნარკოდანაშაულზე, დგებიან ნარკოდანაშაულის მხარეს. ფაქტობრივად, ყოველთვის, როდესაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, ისინი საქართველოს საწინააღმდეგო და მტრულ პოზიციას იკავებენ. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ეს მათი დავალებაა, რადგან ამ ადამიანებს არ უხარიათ არაფერი კარგი, რაც ხდება საქართველოში, რაც ხდება კარგი ქართულ ოჯახებში, ვინაიდან ამის საპირისპირო მიზნები და ამოცანები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, მათი რიტორიკა განსხვავებული რომ ყოფილიყო ის უფრო გაგვიკვირდებოდა ჩვენც და საზოგადოებასაც, მაგრამ კიდევ ერთხელ მოხდა მათი ზნისა და ბუნების ლუსტრირება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეს ადამიანები დგანან ნარკოდანაშაულის მხარეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტი ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პროექტების განხილვას იწყებს. ცვლილებებზე პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იმსჯელებენ. პროექტის მიხედვით, რეგულაციები მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.