დიახ, ეს არის ისტორიული პროცესი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ადევნებს თვალს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, დამეთანხმება იმაში, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ კარგად ვიცოდით სააკაშვილის რეჟიმი ეს იყო სისტემური დანაშაულების „შემოქმედი ხელისუფლება“, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, ფაქტობრივად მიმართულება არ დატოვეს იმ ადამიანებმა, დანაშაული რომ არ ჩაედინათ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატიო იონათამიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
რატი იონათამიშვილის თქმით, მასშტაბები ამ დანაშაულისა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე იყო გაუგონარი.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ეს პროცესი ახალგაზრდებისთვის და თუ ვინმეს დაავიწყდა ან არ ახსოვს, ახალგაზრდაა და აქედან გამომდინარე საკუთარ თავზე არ უგრძნია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები, ამ მხრივ მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. კარგი გაკვეთილი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეჟიმის ანასხლეტები დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას და დღესაც ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ ქართველ ხალხს, ვინაიდან ქართველმა ხალხმა უკვე ცხრა არჩევნებში მათ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება სიახლეებს, მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, რომელიც კონკრეტულად მეც არ ვიცოდი, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ თურმე 2007 წლის შემოდგომაზე, პუტინს პირადად უთქვამს სააკაშვილისთვის, რომ კოსოვოს ქეისთან დაკავშირებით ის სამაგიეროს გადახდას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მაგალითზე აპირებდა. ის, რომ ამის შესახებ სააკაშვილმა არ უთხრა ქართველ ხალხს, არ გაუზიარა ის საფრთხე ჩვენს მოსახლეობას და არ ატეხა საერთაშორისო განგაში პუტინის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიტოვებს გონივრულ ეჭვს, რომ ის, რაც შემდეგ აგვისტოში განხორციელდა, იყო ვიღაცასთან სინქრონულად მართული. მით უმეტეს, როდესაც ვიგებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში არა თუ ის ხალხს აგებინებს ამას, არამედ, შვეიცარიაში მიდის იმისთვის, რომ ჩაიტაროს გამაჯანსაღებელი პროცედურები. ასეთი შემზარავი ადამიანები მართავდნენ, სამწუხაროდ საქართველოს იმ პერიოდში და ძალიან კარგია, რომ ამ კომისიის მუშაობა ასე პროაქტიულად მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ერთგული, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები არიან ამ კომისიის წევრები და დარწმუნებული ვარ, სანამ ეს კომისია დაამთავრებს მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ. ან კიდევ გავიხსენებთ იმას, რაც ასე მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და რაც არასდროს აღარ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.