განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურის საყრდენი და მხარდამჭერი არიან, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე.
„სამხედროები თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ მზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს. ეს კი განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან, რაც მუდმივ თანადგომასა და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურის საყრდენი და მხარდამჭერი არიან“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ღირსეულ სამხედროებს ოჯახის წევრები აძლიერებენ.
ვაზიანში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სიტყვით მიმართეს და თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს.