უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. სოციალურ ქსელში X მან ბუდაპეშტში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავისი გამოსვლიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო:
„ჩვენ არ გვინდა უკრაინის ომში ჩაგვითრიონ. ჩვენ არ გვინდა ჩვენი ფერმერები განადგურდნენ. არ გვინდა ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ორგანიზებული დანაშაულისთვის სამოთხედ გადაიქცეს. არ გვინდა უნგრული ფული ბრიუსელის გავლით უკრაინაში მოხვდეს. არა ნიშნავს არას!“.
თავად ვიდეოში კი ორბანი ამბობს:
„უნგრეთს თავს ესხმიან. და როდესაც ქვეყანას თავს ესხმიან, ვიღაცამ ის უნდა დაიცვას. ეს ვიღაც ჩვენ ვართ. ახლა ვითარება გაცილებით რთულია. დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მათი მესმის – მათი ქვეყანა დანგრეულია, უკრაინა ომამდეც გაკოტრებული იყო. ახლა კი, ომის მსვლელობისას და მის შემდეგ, ვითარება უარესია. მათ არ შეუძლიათ საკუთარ ფეხზე დგომა, მათ ფული სჭირდებათ, სხვისი ფული. სწორედ ამიტომ სურთ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ შესვლა.
მათ არ აინტერესებთ, რომ კავშირში ომს შემოიტანენ. არ აინტერესებთ, რომ ფერმერებს გაანადგურებენ. არ აინტერესებთ, რომ უნგრეთი უკრაინული მაფიისთვის კარიბჭე გახდება. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, ეს გვაინტერესებს. არ გვინდა, უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა, არა და არა“.