აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარმა რუსეთზე ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის წნეხი მოხსნა და კრემლს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების გზა გაუხსნა. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპს არ აქვს სურვილი რუსეთს ზავისკენ უბიძგოს. შესაბამისად, ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ თეთრი სახლის ლიდერმა სამშვიდობო პროცესი, შესაძლოა, საერთოდ მიატოვოს, რაზეც მისი გუნდი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.
„სადღაც ერთი კვირის წინ ევროპელი ლიდერები აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას აპირებდნენ, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდა. საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ ტრამპის მრავალთვიანი მოწოდებების მიუხედავად, პრეზიდენტი, რომელიც ოდესღაც ერთ დღეში ომის დასრულების პირობას დებდა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ევროპულ გეგმებს განუდგა, არამედ ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის საკუთარ მოწოდებაზეც განაცხადა უარი“, – აღნიშნულია სტატიაში.