საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს, მისალოცი წერილები გაუგზავნეს და საქართველოს წინსვლა და კეთილდღეობა უსურვეს. თავიანთ გზავნილებში მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის პერსპექტივას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. „უნგრეთი გულწრფელად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს“ – წერს პიტერ სიიარტო. მისალოც წერილში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ინტერესის მქონე ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. “პოლონეთისა და საქართველოს რთულმა ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი, და ამავე დროს პარტნიორებთან ალიანსი. ევროპული ინტეგრაციის გზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაადგა დემოკრატიული რეფორმების წყალობით, ქმნის საფუძველს ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის” – აღნიშნულია პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის გეორგ გეორგიევის წერილში აქცენტი კეთდება ნაყოფიერი თანამშრომლობაზე საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ბულგარეთის მნიშვნელოვან პარტნიორთან. „მწამს, რომ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები, ხოლო ევროპული ინტეგრაცია კვლავაც საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად დარჩება“, – წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მეზობელი ქვეყნების – თურქეთისა და სომხეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილმეზობლობის ხელშეწყობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას“ – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მიერ მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში. წერილში ასევე გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განმტკიცდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში ხაზგასმულია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობის კონსტრუქციულ ჭრილში გაგრძელების მნიშვნელობა. „საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონემდე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას კი უდავოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“ – წერს არარატ მირზოიანი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი „ძალიან აფასებს მეგობარ საქართველოს მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმართ“.
დამოუკიდებლობის დღეს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აქტიურად ეხმიანებიან და ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოსა და მათ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ევროპელი კოლეგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იურაი ბლანარი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და გამოხატავს დაინტერესებას „სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა სრულფასოვანი განვითარებით ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კეთილდღეობასა და წინსვლას უსურვებს სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი. „სლოვენია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ქვეყანა მომავალშიც განუხრელად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, ევროკავშირის ისეთი ღირებულებების განმტკიცების გზით, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა“ – ნათქვამია წერილში.
ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროგრესს უსურვებენ სერბეთის, ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასა საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო დურიჩი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულებას.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გორდან რადმანის მისალოც წერილში კი ხაზგასმითა აღნიშნული, რომ დამოუკიდებლობის დღე „სუვერენიტეტისადმი ქართველი ხალხის განუხრელი სწრაფვის გამოხატულებაა“.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, ფილიპინების, შრი-ლანკის, ინდონეზიის, სენტ-კიტსის და ნევისის, კოლომბიის, ალჟირის, საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო. წერილებში გამოთქმულია რწმენა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასთან და თანამშრომლობის პოტენციალის სრულად რეალიზებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოცი გზავნილები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებმაც გამოუგზავნეს.
მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, ეუთოს გენერალური მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ თავის წერილში მადლიერებას გამოხატავს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ 2026 წელს BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობა წარმატებული იქნება.
საქართველოს საგარეო უწყებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისალოცი წერილების მიღება გრძელდება.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.