დიასპორის ყოველწლიური ფორუმის ჩატარება ჩვენთვის ძალიან ძვირფას ტრადიციად იქცა. ყოველთვის განსაკუთრებით გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეების ვხვდებით. სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი დიასპორები, ევროპაში, ამერიკასა თუ აზიაში, მათი სამშობლოსთან ბმა არ წყდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გული საქართველოსთვის ძგერს, ჩვენს ქვეყანას, მიწა-წყალს, მშობლიურ ხალხს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს მეხსიერებაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველთა დიასპორები ყოველთვის ხიდის როლს ასრულებდნენ საქართველოსა და მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის, მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი კულტურის, ტრადიციების, რწმენის, ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ასევე, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში.
„დღესდღეობით, მზარდი დეზინფორმაციისა და ცრუ აღქმების ფონზე, დიასპორის წარმომადგენლების აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი დიასპორელების წარმატებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება, თუ განათლება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ამყარებს. ხშირად სწორედ ჩვენი დიასპორელები არიან ხალხის დესპანები და ჩვენი ისტორიის მთხრობელები. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მოქალაქე ამაყი ვარ თქვენი მიღწევებით.
მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი, დემოკრატიული, მშვიდობიანი, წარმატებული საქართველოს მშენებლობას, იზრდება თქვენი როლიც ამ საერთო საქმეში. კარგად გვესმის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს დიასპორასთან მტკიცე კავშირების შენარჩუნებას და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს თქვენს უფლებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობას გაუსვა ხაზი.
მისივე თქმით, მრავალი პროგრამა თუ პროექტი, რომელიც მხარს უჭერს დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივებს, ხელს უწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლებს, აძლიერებს კავშირებს ჩვენს საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებთან.