ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიას სურს, რომ ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრმა თექვსმეტმა ქვეყანამ ერთობლივი წერილი გაუგზავნა ევროკომისიას. ისინი მოუწოდებენ ბრიუსელს, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ყველა არსებული იურიდიული რეგულირების საშუალება, რათა ბუდაპეშტი აიძულოს, უარი თქვას პრაიდის აკრძალვაზე.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ვითარების ამგვარი განვითარებით“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, სლოვენიისა და შვედეთის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო კანონი, რომელიც ლგბტ აღლუმების ჩატარებას კრძალავს. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბავშვებზე ზრუნვის მიზეზით იყო მიღებული.