„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მასზე თავდასხმის ფაქტზე და გამოხატვის ფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმებით თავდასხმები კი არ უნდა აგვერიოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში“.
„მიუხედავად ამდენი კანონდარღვევისა, ისინი, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან, მაინც შეეცდებიან “თავისუფლების შეზღუდვად” მონათლონ კანონიერი ქმედებები, ამიტომ ნება მომეცით განვმარტო – თავისუფლება, ნიშნავს საკუთარი აზრის გამოხატვას, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა (და არა მარტო ისინი) ყველგან, ხედავს და არსად შეზღუდული არ არის. იქნება ეს ღია სივრცეები, სოც ქსელები თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმებით თავდასხმები კი არ უნდა აგვერიოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში. მათი ფორმატიც კი არა ჰეროიკულია და არა ჰუმანური, თუმცა სამწუხაროდ, მიმბაძველები ნამდვილად ჰყავთ.
ისინი თავიანთ ე.წ “გმირობას” ლაივ ჩართვებით აყურებინებენ ხალხს, ვიდეო არქივებს ქმნიან, რითაც ქართველ ხალხს საკუთარი თავისუფლების და გმირობის მათეულ ვერსიას სთავაზობენ, რაც მერწმუნეთ ქართველების დაცინვას უფრო ჰგავს. რადგან ქართველებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ნამდვილი გმირები მრავლად გვყავს. მათი ქცევები, მათი მოქმედებები და მოღვაწეობა საბედნიეროდ სკოლაში გვასწავლეს, ოჯახში აღგვზარდეს და ეს გმირები ახლა ჩვენს ხატებადაც არიან ქცეულნი. მათ კი ან არ იციან ან განგებ უგულებელყოფენ“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.