გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, მალე ისეთივე არჩევანის წინაშე დადგეს, როგორც 2007 წლის მოვლენების დროს ნინო ბურჯანაძე იდგა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს პოსტის დატოვებას ურჩევდნენ. მრჩეველი ოპოზიცია იყო, პარლამენტის წინ ხალხმრავალი მიტინგი მიმდინარეობდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ნინო ბურჯანაძეს ეუბნებოდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებით ის ქართულ დემოკრატიას გადაარჩენდა, მით უფრო 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ.
ახლა გიორგი მარგველაშვილს ურჩევენ, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს კონსტიტუციის გადასარჩენად.
ბურჯანაძეს მაშინ გადადგომას მთავარი ოპოზიციური ძალები ურჩევდნენ, ისინი ქუჩაში იდგნენ, მთელი პოლიტიკური პროცესი მაშინ თითქმის ქუჩაში იყო გადატანილი. ის, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთპარტიულ პარლამენტს თავმჯდომარეობდა.
გიორგი მარგველაშვილს სულ სხვა რეალობა აქვს. პირველად მას გადადგომა პოლიტიკური პროცესიდან გასულმა ფიგურამ დავით უსუფაშვილმა ურჩია. შემდეგ იგივე, თუ არ ვცდები, ლეიბორისტულმა პარტიამაც გაიმეორა. მარგველაშვილს გადადგომას ძირითადად აუტსაიდერები ურჩევენ და არა საპარლამენტო პარტიები. პოლიტიკური პროცესი მაინც პარლამენტში მიმდინარეობს.
რატომ არ გადადგა მაშინ ბურჯანაძე დემოკრატიის გადასარჩენად და რატომ არის ნაკლებად სავარაუდო რომ ახლა გიორგი მარგველაშვილი გადადგეს? პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინ ვერ მიიღო ოპოზიციისგან იმის გარანტიები, რომ ის პრეზიდენტი ან ისევ პარლამენტის თავმჯდომარე გახდებოდა. პარლამენტის წინ მაშინ ყველა ის პოლიტიკური ფიგურა იდგა, ვისაც სერიოზული ამბიციები ჰქონდა. პარლამენტის თავმჯდომარე თუ გადადგებოდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა და ხელისუფლებას, ოპოზიციის გათვლით, გამარჯვება ძალიან გაუჭირდებოდა. ბურჯანაძემ კარგად იცოდა, რომ ვერტიკალისკენ გზას მას არავინ დაუთმობდა, გამოიყენებდნენ და მეტი არაფერი. ამიტომაც ისევ მიხეილ სააკაშვილთან არჩია გარიგება – მისგან საჩუქრად, 1 ლარად, წყნეთში დიდი მიწის ნაკვეთი მიიღო. მართალია, წლების შემდეგ არც ეს შერჩა, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.
რატომ შეიძლება, არ გადადგეს გიორგი მარგველაშვილი? საქმე ის გახლავთ, რომ გარანტიები არც მას აქვს. თუკი კონსტიტუციის საბაბით ის პოსტს დატოვებს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი მთელი ხუთი წელი ახლა მოქმედი კონსტიტუციის უფლებებში დარჩება. მაგრამ ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი? ვის აირჩევს ხალხი? ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათ საკუთარი კანდიდატურები ეყოლებათ. პირად საუბრებშიც კი გამორიცხავენ რაიმე სახის კოორდინაციას, არავინ აპირებს, მას პოლიტიკური მაგნიტის ფუნქცია მიანიჭოს.
სხვათა შორის, ეს ცხადი მაშინაც გახდა, როცა პრეზიდენტმა პარტიებს კომისიის ბოიკოტი სთხოვა და ოპოზიციაში თანხმობა ვერ მიიღო. ამ პატარა „შეთქმულების“ ისტორიაზე პირველად ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან რამდენიმე დღის წინაც თქვა: „ვიცით, რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს, მათ შორის გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის ოპოზიციური სპექტრი, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობით“, დამთავრებული „პატრიოტთა ალიანსით“. ამ პარტიებთან ყოველდღიურ ალიანსშია“. რაღაც შეიძლება დაგეგმო პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ ეს კიდევ არ გაძლევს ლიდერის სტატუსს. ნინო ბურჯანაძემ ეს კარგად იცოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ლიდერობისთვის მასშტაბი არ ეყოფა, ოპოზიციას კი თავისი დღის წესრიგი და პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი აქვს: ნაციონალებს თავისი პოლიტიკური მაგნიტი ჰყავთ, „ევროპულ საქართველოს“ თავისი პრეტენზიები – პრეზიდენტმა არც გიგ უგულავა შეიწყალა და არც ვანო მერაბიშვილი. „პატრიოტების“ გემოვნებაში კი ის საერთოდაც ვერ ჯდება. დანარჩენები უმარკო კონვერტებივით უმისამართოდ მოხეტიალე პარტიების მთელ „ჯარს“ წარმოადგენენ, მათთან გაერთიანება გიორგი მარგველაშვილს არაფერს მისცემს. მის კარზე კი სწორედ ისინი აქტიურობენ.
თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება. პატარა და წვრილი პარტიებისთვის ეს პოლიტიკური პროცესის „გაცოცხლებას“ და ამ პროცესში მათ ჩართულობას ნიშნავს. როგორც ირკვევა, არასამთავრობოებმაც შეიძლება საკითხი ასე დააყენონ. ლევან ალაფიშვილის განმარტებით: „გადადგომა შეიძლება ერთ-ერთი, მაგრამ უკიდურესი გამოსავალია“. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილი შეიძლება ასეთი არჩევანის წინაშე დადგეს – კონსტიტუციის მიღება თუ გადადგომა.
– არ გამოვრიცხავ, შესაძლოა დადგეს ასეთი არჩევანის წინაშე, თუკი „ქართული ოცნება“ ამ კონსტიტუციას ახლავე უყრის კენჭს და კენჭისყრებს შემოდგომაზე არ გადაიტანს, რათა კონსტიტუციის გარშემო უფრო ფართო კონსენსუსი შედგეს.
საკონსტიტუციო პროცესიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. სახალხო განხილვებში თავად პრეზიდენტიც ჩაერთო, თუმცა, კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა. განხილვას მუდმივად ესწრებიან საპარლამენტო პარტიებიც. თუმცა, ნაციონალები ბუნტის რეჟიმში არიან. პროცესს ესწრებიან ე.წ. ერთკაციანი პარტიებიც.
სახალხო ჰქვია, თუმცა შეხვედრებზე როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო აქტიურობენ. ზოგ აქტივისტია, ზოგი მხარს უჭერს იმიტომ, რომ იმ პარტიის სწამს, ვისაც არჩევნებში ხმა მისცა.
კონსტიტუციის გარშემო შეფასებებიც თითქმის რადიკალურად განსხვავებულია. რაც მმართველი გუნდისთვის სტაბილურობის განვითარებაა, ოპოზიციისთვის რევოლუციას ნიშნავს. საარჩევნო სისტემისა და მმართველობის ფორმის ცვლილება, რევოლუციის გარდა, სხვა არჩევანს არ ტოვებს, – აცხადებენ ოპოზიციაში.
კითხვა ბევრია, მოლოდინები – ბუნდოვანი. ვნახოთ, როგორ ხედავს კონსტიტუციას და მასთან დაკავშირებულ რისკებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი:
– კონსტიტუცია სტაბილური განვითარების საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, როცა მისი ყველა ნაწილი სისტემურად გააზრებულია და არა ცალ-ცალკე წარმოდგენილი კონკრეტული სუბიექტური შეხედულებებისა თუ პოზიციის მიხედვით. მეორე, ეს დოკუმენტი ფართო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს. ამ შემთხვევაშია ის სტაბილურობის გარანტი…
– თუმცა, როგორ წარმოგიდგენიათ ფართო კონსენსუსი? პარტიებმა სახალხო განხილვების დროს აღიარეს, რომ ისინი გამარჯვების შემთხვევაში ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლებდნენ, კონსტიტუციაც ამის ნათელი მაგალითია, წარმოუდგენელია თითქოს შეთანხმების მიღწევა…
– არ შეიძლება კონსენსუსად განვიხილოთ მხოლოდ დღეს წარმოდგენილი და მოქმედი პოლიტიკური ძალების თანხმობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი პარტია ადრე არ იყო, შეიძლება, ხვალ ვიღაც არ იყოს… ფართო კონსენსუსში მოვიაზრებ საზოგადოების შესაძლო მაქსიმალურ ფართო ჩართულობას. საზოგადოება წინასწარვე არსებითი საკითხების ფორმირებაში უნდა იყოს ჩართული. როგორ? მაგალითად, პლებისციტით, თუმცა, სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება.
ამ ხელისუფლებამაც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლების გზა აირჩია. ეს ხელისუფლებაც ჩვენ, საზოგადოებას, გვეუბნება: ჩვენ რაღაც დავწერეთ, ჩვენ ასე ვფიქრობთ და მოგწონთ თუ არაო? მერე იმ თავის დაწერილ დოკუმენტს თავადვე უყრის კენჭს. ჩვენს შენიშვნებს არ იზიარებენ. ასეთი ჩართულობა არ არის ეფექტური. თუმცა, თუ საზოგადოებასთან წინასწარ გამართავ კონსულტაციას და ჰკითხავ, რა დავწეროთ, როგორ დავწეროთ, ლეგიტიმაცია პროცესისა გაცილებით მაღალი იქნება. კონსენსუსი მმართველობისა და არჩევნების საკითხებზე უნდა შედგეს, თორემ ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში წესები უკვე უნივერსალურია და აქ ვერაფერს შეცვლი.
– ისეთი სურათი დახატე, თითქოს მმართველი პარტია დაჯდა და პროექტი თვითონ დაწერა და თითქოს კომისია არ მუშაობდა…
– მმართველობის ნაწილში ეს არის „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია, ისევე როგორც 2010 წელს იყო „ნაციონალური მოძრაობის“. შეგახსენებთ, რომ მაშინდელ კონსტიტუციას დემეტრაშვილ-შარმანაშვილის კონსტიტუციას უწოდებდნენ, გაფორმებულს ნაციონალებისთვის.
– რადგან შარმანაშვილი ახსენე, გეტყვი მის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან არგუმენტს, ჩემთვის დამაჯერებელს. მან თქვა, რომ მაშინ, 2010 წელს, რომ არა ოპოზიციის პროტესტი და პროცესისგან გამიჯვნა, უფრო უკეთესი კონსტიტუცია იქნებოდა. შეგახსენებ, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა კომისიაში მუშაობაზე. თუმცა, მე მისი არგუმენტები მოვისმინე იგივე უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებთ და ვფიქრობ, ეს არგუმენტები იმსახურებდნენ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას.
– ჩემი პოზიცია ასეთია: სჯობს, ჩართულობით სცადო. ახლა რაც შეეხება ფაქტებს, არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლებოდა. შენიშვნები ახლა გამოითქმის, ახლა 93-მა არასამთავრობომ წარადგინა შენიშვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ქვეყნის მეორე პირმა საერთოდ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, როცა კონსტიტუციურ ორგანოზე – უშიშროების საბჭოზე თქვა, სულელურიაო. და არის ფაქტი, რომ არაფერი შეიცვლებოდა.
– რამდენადაც ვიცი, თქვენ ხართ ექსპერტი, რომელიც თეორიებზე არ საუბრობს, რა შეიცვლებოდა, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით ზუსტად. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ვენეციის კომისიის ექსპერტებმაც თქვეს, რომ მმართველობის ასეთ მოდელში პრეზიდენტს უშიშროების საბჭო არ უნდა ექვემდებარებოდეს.
– ეს მეორე უხერხული განცხადებაა ქვეყნის მეორე პირისგან, ამჯერად ვენეციის კომისიის მისამართით, რომელთანაც თავი ისედაც შერცხვენილი გვქვს 2010 და 2013 წლების საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, ასევე, სასამართლო რეფორმის ტალღების გამოც. ფორმატი ასეთია: კომისიის წევრები საკუთარ მოსაზრებებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ დასკვნაში აფორმებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ფრაზით თავი იმართლა…
– მმართველი პარტიისთვის ეს სტაბილურობაზე ორიენტირებული კონსტიტუციაა, ოპოზიცია რევოლუციაზე ალაპარაკდა…
– რევოლუციური სცენარების განხილვებიც კი არ მინდა. თუ ასეთი ფორმითა და დაჩქარებული მეთოდებით მიიღებენ კონსტიტუციას, საზოგადოება ამ ყველაფერს მათ მწარედ გაახსენებს, ახლა არც 90-იანი წლებია და არც წინა ხელისუფლება – ხმებს ხალხი ასე ადვილად აღარ დათმობს. რაც შეეხება რისკებს: ამ კონსტიტუციაში ვხედავ სურვილს და პირველ ნაბიჯს, რომ მმართველობის ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. უბრალოდ, სივრცე არ დარჩება პროცესების დემოკრატიულად განვითარებისთვის. ერთ-ერთი აქ ბონუსების სისტემაც არის. რამდენიც დაიმსახურე, იმდენი მანდატი უნდა ჩაიდო ჯიბეში, ეს არის ყველაზე სწორი სტაბილური განვითარებისთვის. სხვანაირად არ იქნება სტაბილურობაო, ამბობენ. რას ჰქვია, არ იქნება სტაბილურობა? განავითარე ძლიერი თვითმმართველობა, განავითარე პარტიული სისტემა, განავითარე არასახელმწიფო ინსტიტუტები… იმ ვადაში, როცა შეიძლება ვერ მოხდეს მთავრობის ფორმირება – დავუშვათ, მაქსიმუმ, ექვსი თვის მანძილზე – დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა იმუშაოს. და არა ისე, რომ, თუ ვინმემ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ქვეყანა დაიქცევა. არ არის ასე საკითხის დაყენება სწორი, ისეთივე რიტორიკაა, როგორიც ადრე ნაციონალებს ჰქონდათ და ამით ამართლებდნენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს.
…შემოთავაზებული მოდელით პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლები ირჩევენ პრეზიდენტს და არა თვითმმართველობები, ასეთ სისტემას მსოფლიოში ვერ ნახავთ.
– სახალხო განხილვების დროს არც ერთ შეხვედრაზე პრეზიდენტს შემოთავაზებული სისტემისთვის არადემოკრატიული არ უწოდებია…
– ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის… ფორმულირება ისეთი აქვთ შემოთავაზებული, თითქოს თვითმმართველობა მიიღებს პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას, სინამდვილეში ასე არ არის. კარგად ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ თვითმმართველობას არავინ არაფერს ეკითხება…
ამდენად, ვფიქრობ, ვენეციის კომისიიდანაც არ იქნება კარგი დასკვნა.
– გამოსავალს რაში ხედავთ?
– სამოქალაქო აქტივობაში. მსჯელობა ძირითად საკითხებზე უნდა გაგრძელდეს. შემოდგომაზე უნდა დაიწყოს კენჭისყრა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდეს. შემოდგომამდე ეს დრო გამოვიყენოთ კონსენსუსის მოძიებისთვის, პლებისციტი იქნება ეს, თუ რაიმე სხვა ფორმა.
www.primetime.ge