შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი და მოწესრიგებული.
დედაქალაქის მერმა ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის.
„რვა წელი იწურება, რაც დედაქალაქის მერი ვარ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ რვა წლის განმავლობაში, ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უამრავი პროექტი განხორციელდა. რთულია ამ ყველაფრის ჩამოთვლა. შეიძლება ყველაზე ხშირად საზოგადოებაში ვჩანვარ მე, როდესაც ამა თუ იმ პროექტზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩემს უკან 30 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული იყოს, კიდევ უფრო მეტი განახლებული ქუჩა, გამზირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვქონდეს. ესენი არიან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც შრომობენ, რომ თბილისი იყოს სუფთა, ლამაზი, პოპულარული. მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პირადად ჩემი სიძლიერე არის ის გუნდი, ვინც ჩემთან ერთად შრომობს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, რაც დედაქალაქთან მიმართებით აქვს. პოლიტიკური მხარდაჭერისა და გუნდური თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებაზე საუბარი, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და რაც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.